logo
ENG



"რიონის მცველები" თბილისი პრაიდს ემიჯნებიან და ჰომოფობიურ განცხადებას ავრცელებენ

02 ივლ 202111:58
3 წუთის საკითხავი
 
"რიონის მცველები" თბილისი პრაიდს ემიჯნებიან და ჰომოფობიურ განცხადებას ავრცელებენ
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

"რიონის ხეობის მცველები" თბილისი პრაიდს ემიჯნებიან. 

მათ ჰომოფობიური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ "თბილისი პრაიდის" კვირეულის იდეა ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ". 

განცხადებაში ვკითხულობთ: 

"საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი ჩვენს მთავარ მონაპოვრად მივიჩნევთ იმ დიდ სამოქალაქო ერთობას, რისი მიღწევაც მოხერხდა ნამოხვანის თემის გარშემო. ჩვენ შეგნებულად ვცდილობთ, არ გავაფართოვოთ ჩვენი განცხადებების არეალი, რათა ყველაფერს არ მივედ-მოვედოთ, რომ არ გამოვიწვიოთ ისედაც ძალიან დანაწევრებული საზოგადოებრივი აზრის კიდევ უფრო მეტად დანაწევრება და ვერ შევძლოთ ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, კონკრეტული, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. პირველად, თითქმის 250 დღიანი პრეტესტის მანძილზე, აუცილებლად ჩავთვალეთ, მკაფიოდ გამოვხატოთ პოზიცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში.

არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ვერ ვხედავდეთ, რომ ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი, ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ ვთვლით, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე.

შეუძლებელია, ვერ დაინახო, რომ ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის სახელით, ერთის მხრივ, „პრაიდის“ ორგანიზატორთა მცირე ჯგუფი, აგრეთვე, ხელისუფლება და მთელი სპექტრი ოპოზიციური ძალებისა, წარმოჩინდებიან, როგორც პოლიტიკურ დივიდენდებს მოწადინებული და მათთვის ძნელად მიღწევადი სამოქალქო ერთობის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც არაფრად აგდებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, რელიგიურ გრძნობებსა და ცხოვრების წესს. ასევე, უგულებელყოფენ ისინი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ სოციალურ ადაპტაციას საზოგადოებაში, სჭირდებათ სამსახური, მშვიდი ცხოვრება და თვითრეალიზაცია. ასეთი „პრაიდი“ და მსგავსი აქტივობები კი ხელოვნურად ზრდის აგრესიას მათ მიმართ და ბევრად დაუცველი ხდება მათი პირადი სივრცე.

სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება გარკვეულ ინდეფერენტულობას იჩენს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ, მიდრეკილია, პერსონებისგან შექმნას კერპები და ასე აარიდოს თავი პასუხისმგებლობას. ამით სარგებლობენ ცალკეული პოლიტიკური ფიგურები თუ ჯგუფები, კონკრეტული პრობლემებიდან ვექტორი გადააქვთ სხვა მიმართულებით და გვრჩება გადაუჭრელი საკითხების მთელი წყება, მორიგი იმედგაცრუება და გვემატება საბაბი ეროვნული ნიჰილიზმის გასაღრმავებლად.

ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება. ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინაამდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.

ამდენად, საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ცალსახად ემიჯნება „თბილისი პრაიდის“ კვვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაამდეგ მიმართულ ქმედებას". 

აღსანიშნავია, რომ 24 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე რიონის მცველების აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. 

თავდასხმის მიზეზი ცისარტყელას ფერებში გაფორმებული სამკლაური გახდა, რომელიც სალომე ბარკერს ეკეთა და რომელიც თავდამსხმელთა განცხადებით, პროვოკაციული იყო. შსს-მ  აქციის მიმდებარე ტერიტორიას სწორედ სამოქალაქო აქტივისტები განარიდა.

ინდიცდნტის მიუხედავად, Tbilisi Pride-მა განაცხადა, რომ ისინი იზიარებენ "რიონის მცველების" მოთხოვნებს და მიაჩნიათ, რომ პროტესტი სამართლიანია. სწორედ ამიტომ, პრაიდში აცხადებენ, რომ გარკვეულ ძალადობრივ ჯგუფებს არ უნდა მიეცეთ პროტესტის დისკრედიტაციის საშუალება.

თბილისი პრაიდმა ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მიმართულ აქციების ორგანიზატორებს მიმართა და მოუწოდება მათ, გაემიჯნონ ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც ქვიართემის წარმომადგენლებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ.

საქართველოში Tbilisi Pride-ის კვირეული 1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით გრძელდება. 

პირველი ღონისძიება სწორედ 1-ლ ივლისს ჩატარდა - დოკუმენტური ფილმის ჩვენება. 

ფილმის ჩვენება სიძულვილის ჯგუფების აგრესიული საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. 

პრაიდის პირველი ღონისძიება გუშინ საღამოს, პირველ ივლისს გაიმართა. ტერიტორიაზე პოლიციას ცოცხალი კორდონი ჰქონდა მოწყობილი. ღონისძიების მონაწილეთა  ნაწილმა ტერიტორია საკუთარი ავტომობილებით დატოვა, ნაწილი კი პოლიციამ მიკროავტობუსებით გაიყვანა. მათ ძალადობრივმა ჯგუფებმა ქვები და კვერცხები ესროლეს. 

ღონისძიება პოლიციის დახმარებით დატოვეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.

23 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათგან 20 შსს-მ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, 3 კი გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში.


close დახურვა